ექთნების საერთაშორისო საბჭოს შტაბ-ბინაში გამართულ სამუშაო ვიზიტში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მთავარმა ექთანმა, ნატალია ხაჩიძემ მიიღო მონაწილეობა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ) აგრძელებს აქტიურ საერთაშორისო ჩართულობას საექთნო და სამეანო განათლებისა და პროფესიული ლიდერობის განვითარების მიმართულებით. აღნიშნული პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა ქართველი დელეგაციის მონაწილეობა ექთნების საერთაშორისო საბჭოს (International Council of Nurses – ICN) შტაბ-ბინაში გამართულ სამუშაო ვიზიტში, ჟენევაში.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ შეხვედრა გამართა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საექთნო და მეანი ექთნების მთავარ ოფიცერთან (Chief Nursing Officer – CNO), სადაც განხილულ იქნა გლობალური საექთნო და სამეანო პოლიტიკის პრიორიტეტები, პროფესიული ლიდერობის როლი უნივერსალური ჯანდაცვის (UHC) მიღწევაში და ეროვნული პროფესიული ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობა WHO-ის სტრატეგიულ ინიციატივებში.
ვიზიტში მონაწილეობდა ნატალია ხაჩიძე —
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მასწავლებელი,
საქართველოს ბებიაქალთა ასოციაციის პრეზიდენტი,
თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მთავარი ექთანი,
ა(ა)იპ ექთანთა გაერთიანების დირექტორთა ბორდის წევრი,
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სექტორის ხელმძღვანელი და ცენტრალური ოფისის წარმომადგენელი.
შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაძლიერებას, ექთნებისა და ბებიაქალების პროფესიული კომპეტენციების განვითარებას და მათი ჩართულობის გაზრდას ჯანდაცვის პოლიტიკის ფორმირებაში.
ნატალია ხაჩიძის მონაწილეობა აღნიშნულ საერთაშორისო დიალოგში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თსსუ-ის მნიშვნელოვან როლს, როგორც წამყვან აკადემიურ და კლინიკურ ინსტიტუტს, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს საქართველოს საექთნო და სამეანო სექტორის საერთაშორისო ინტეგრაციას.