არაფერია ხელშემშლელი თვალსაჩინო პოზიციის დასაკავებლად

ნოდარ ლომიძე -  პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიულ სნეულებათა მიმართულების ხელმძღვანელი
მრავალი წლის მანძილზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის საკუთარი კლინიკური ბაზა ოცნების სფერო იყო. ერთ დღესაც არ შენელებულა თსსუ-ის ხელმძღვანელობის მხრიდან ზრუნვა ამ ოცნების განსახორციელებლად. ამიტოომაც 2015 წელს, სამედიცინო უნივერსიტეტისთვის ამ ოცნების ფრთაშესხმის წილად ვთვლი და აღტაცებული განწყობით ვულოცავ  როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ასევე თსსუ - ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მთელ კოლექტივს ამ მნიშვნელოვან სასწავლო, სამეცნიერო და სამკურნალო საქმეებში წარმატებებზე ორიენტირებულ უდიდეს მოვლენას.
ვულოცავ სტუდენტებს, რეზიდენტებს, სამედიცინო პერსონალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას გახსნას.  კლინიკის უპირატესობა  განსაკუთრებით იმაშია, რომ სასწავლო ოთახებსა და პაციენტთა პალატებს მხოლოდ დერეფანი ჰყოფს, ანუ სტუდენტებს, თეორიული მეცადინეობის პარარელურად, საშუალება ეძლევათ ცოდნა პრაქტიკულად განიმტკიცონ, რისი „ფუფუნებაც“ მათ ადრე არ ჰქონიათ.
ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ საოპერაციო განათების სისტემაში ჩამოტაჟებულია ვიდეოკამერა, რომლის საშუალებითაც ხდება ოპერაციების მიმდინარეობის ტრანსლაცია გახმოვანებით. სტუდენტებს, რეზიდენტებს, ეზიმებს სასწავლო აუდიტორიებსა და კლინიკის პერსონალურ კომპიუტერებში შეუძლიათ იხილონ ოპერაციის მსვლელობა, ბევრად უკეთესად და უფრო კომფორტულად, ვიდრე ოპერაციაზე დასწრების შემთხვევაში.
რაც მთავარი და ამოსავალია როგორც სასწავლო სამეცნიერო, ისე მკურნალობის მაღალეფექტურობის თვალსაზრისით, კლინიკა დაკომპლექტებულია ქვეყის წამყვანი სამედიცინო კადრებით, იმ კათედრათა/მიმართულებათა ხელმძღვანელებით და მათი აღზრდილებით, რომლებიც წლების მანძილზე მოღვაწეობდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სხვადასხვა კლინიკურ ბაზაზე და ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
თსსუ - ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიულ სნეულებათა მიმართულება ყოფილი ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაა. ამ კათედრის დამაარსებელი იყო საქართველოში ქირურგიის ფუძემდებელი, აკადემიკოსი გრ.მუხაძე , შემდეგ ამ კათედრაზე მოღვაწეობდნენ და მას ხელმძღვანელობდნენ ცნობილი ქირურგები, მეცნიერები და აკადემიკოსები: კ. ერისთავი , მ.კობახიძე.
ამჟამად ქირურგიულ სნეულებათა მიმართულებაზე სწავლებას გადიან მედიცინის ფაკულტეტის VI კურსის ქართველი და უცხოელი სტუდენტები, ზოგადი ქირურგიის რეზიდენტები.
თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა უახლესი ტექნოლოგიებით , კომფორტული პალატებით და კაბინეტებით, მაღალორგანიზებული სასწავლო, სამეცნიერო და კლინიკური საქმიანობით პასუხობს ყველა თანამედროვე მოთხოვნას, ანუ აკმაყოფილებს საუნივერსიტეტო კლინიკის საერთაშორისო სტანდარტებს და ამჟამად არაფერია ხელშემშლელი თვალსაჩინო პოზიციის დასაკავებლად.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი,გუდამაყრის №4 (ყოფილი მე-8 საავადმყოფო)
2 61 01 01
www.tsmuclinic.ge