"თეთრი ხალათების ცერემონია"

2016 წლის 28 სექტემბერს 10:00 სთ-ზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის „თეთრი ხალათების ცერემონია“.

გასული წლებისგან განსხვავებით, თეთრი ხალათების რიგით მეოთხე ცერემონია გაცილებით მასშტაბური და პომპეზური იყო, რადგან წელს ის კენეტ ვოლკერის, ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) მედიცინის პროფესორის, თბილისისა და საქართველოს საპატიო მოქალაქის, 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.
პროგრამის პირველკურსელებს მიესალმენ და , ტრადიციულად, თეთრი ხალათებით შემოსეს ღონისძიებაზე მოწვეულმა საპატიო სტუმრებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. თეთრი ხალათების 2016 წლის ცერემონია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიამ გახსნა. საზეიმო ცერემონიას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, უცხოელი სტუმრები, ოთხივე კურსის სტუდენტები, მშობლები და მეგობრები დაესწრნენ. მათ შორის იყვნენ აშშ-დან დაბრუნებული მეორე კურსის სტუდენტები, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში იმყოფებოდნენ.
ცერემონიის დასასრულს მოწვეულმა სტუმრებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაათვალიერეს თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა.
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) ხელშეწყობით 2013 წლიდან ფუნქციონირებს. სასწავლო პროგრამა ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების კურიკულუმზეა დაფუძნებული. პროგრამის სტრუქტურა უადვილებს სტუდენტებს სწავლის პროცესშივე ჩააბარონ აშშ სამედიცინო ლიცენზირების გამოცდის (USMLE ) ორივე საფეხური ეტაპობრივად და საშუალებას აძლევს კლინიკური გამოცდილება მიიღონ ამერიკის შეერთებულ შტატებში. სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამავრებულებს მიენიჭებათ დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი. 2016 წელს პროგრამაზე მეოთხე ნაკადი, 70 სტუდენტი ჩაირიცხა.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი,გუდამაყრის №4 (ყოფილი მე-8 საავადმყოფო)
2 61 01 01
www.tsmuclinic.ge