იშვიათი კლინიკური შემთხვევა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი თვალის ტკივილი 48 წლის მამაკაცისთვის იშვიათი და მოულოდნელი დიაგნოზით დასრულდა. პაციენტმა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას მარცხენა თვალის ძლიერი ტკივილის, სიწითლის, წვის შეგრძნებისა და ქუთუთოს შიგნით განვითარებული მრგვალი, ბურთის ფორმის წარმონაქმნის გამო მიმართა. მისი თქმით, სიმპტომები მხოლოდ 3–4 დღის განმავლობაში სწრაფად პროგრესირებდა და ტკივილი იმდენად ძლიერი გახდა, რომ ყოველდღიურ საქმიანობასაც უშლიდა ხელს.
ოფთალმოლოგიური გამოკვლევისას ექიმებმა წარმონაქმნის ზედაპირზე, მიკროსკოპით, ძაფისმაგვარი თეთრი ფერის პარაზიტი აღმოაჩინეს. იშვიათი აღმოჩენის გამო პაციენტი დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზდა და გადაუდებელი ოპერაციისთვის მომზადდა.
იმავე დღეს ჩატარებული ქირურგიული ჩარევის დროს სრულად ამოიკვეთა დაახლოებით 2 სანტიმეტრამდე ზომის ფიბროზული კისტა — პარაზიტის კაფსულა. კისტის შიგთავსი წარმოადგენდა თეთრი ფერის ლორწოვან მასასა და სითხეს. ამოღებული მასალა ლაბორატორიულ კვლევაზე გაიგზავნა, სადაც დადასტურდა დიროფილარია — იშვიათი პარაზიტი, რომელიც ადამიანში, როგორც წესი, კოღოს ნაკბენით ხვდება და ზოგიერთ შემთხვევაში თვალისა და ქუთუთოს ქსოვილებშიც შეიძლება განვითარდეს.
ოპერაცია წარმატებით ჩაატარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა მედეა გობეჯიშვილმა. დროულმა დიაგნოსტიკამ, ოპერატიულმა გადაწყვეტილებამ და ზუსტმა ქირურგიულმა ჩარევამ შესაძლებელი გახადა პარაზიტის სრული ექსტირპაცია და პაციენტის მძიმე გართულებებისგან დაცვა.
ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგი აგრძელებს მკურნალობასა და მეთვალყურეობას სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად.
დიროფილარიოზი იშვიათი პარაზიტული დაავადებაა, რომლის გადამტანებიც უმეტესად კოღოები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ამ პარაზიტისთვის ბუნებრივი მასპინძელი არ არის, დაავადება ზოგჯერ სწორედ თვალისა და ქუთუთოს მიდამოში ვლინდება. მსგავსი შემთხვევები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ჩივილების მიღმა შესაძლოა სრულიად მოულოდნელი დიაგნოზი იმალებოდეს, რის გამოც ოფთალმოლოგთან დროული მიმართვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიური სამსახური თანამედროვე დიაგნოსტიკური და ქირურგიული შესაძლებლობებით პაციენტებს როგორც ყოველდღიური, ისე ყველაზე რთული და იშვიათი ოფთალმოლოგიური პათოლოგიების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას სთავაზობს.
ნაკლების ჩვენება